“როცა მსოფლიო პირდაპირ ეთერში, ონლაინ ტრანსლირებულ სიკვდილს უყურებს”, კინოს გადაღება რეალობასთან კიდევ უფრო რადიკალურ მიმართებაში დგება.

4 მარტს პირველ სეანსად წარმოდგენილი დოკუმენტალისტები სვამენ კითხვებს იმაზე, თუ რისი გადაღება და ჩვენებაა საჭირო და შესაძლებელი ომის და დევნილობის გამოუთქმელ გამოცდილებაში, რომელ არქივში ვეძებთ და რომელ კადრებში ვძერწავთ იდენტობებს, რომელიც ხელიდან მუდმივად გვისხლტება

მეორე სეანსი აერთიანებს კინოწერილებს, რომელთა ავტორებს ადრესატებთან - გარდაცვლილ და დაუბადებელ, რეალურ და ფიქციურ თანამოსაუბრეებთან - ეპოქები და ნათესაობა, სახმელეთო საზღვრები და ციხის გისოსები აშორებს და აახლოვებს.

17:00

თხრა

ოქსანა კაზმინა (2022, 20', უკრაინა)

"სირაკიუსში მიწა თიხისაა და ქვებით სავსე. თხრისას, შევეცადე გამეხსენებინა, როგორი მიწაა მარიუპოლის სათამაშო მოედნების ქვეშ. ასევე ვფიქრობდი, რომ მთხრელები ჩვენი დროის ახალი გმირები არიან. თხრა, თხრა, თხრა - საფლავების, სანგრების, თავშესაფრების. უკრაინაში საფლავები ჩვენი ახალი პეიზაჟის ნაწილად იქცა, ამ დროისთვის მე ეს მხოლოდ ფოტოებში მაქვს ნანახი. შევეცადე, საკუთარი სხეულისთვის საკმარისად დიდი საფლავი გამეთხარა. ვცდილობდი, რაც შეიძლება სწრაფად მემოქმედა, წარმოვიდგენდი, რომ ეს ერთადერთი დრო იყო, როცა, ჭურვების მომდევნო დაშენამდე, საყვარელი ადამიანების დამარხვა შემეძლო. ვფიქრობ, ხალხი მაშინაც თხრიდა საფლავებს, როცა დაბომბვა გრძელდებოდა." - ოქსანა კაზმინა

ოქსანა კაზმინა უკრაინელი კინოდოკუმენტალისტი, მედია და პერფორმანს არტისტია. ოქსანამ დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის ეროვნულ უნივერსიტეტში, ტელერეჟისურის ფაკულტეტი კარპენკო-კარის კიევის ეროვნული თეატრის, კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტში, და საშემსრულებლო ხელოვნების აკადემია ამსტერდამში. 201 წელს ოქსანა მიწვეული ასისტენტ-პროფესორი იყო ვესლის უნივერსიტეტის კინოს კველების ფაკულტეტზე, აშშ-ში. ამჟამად ოქსანა MFA კანდიდატია სირაკიუსის უნივერსიტეტში, აშშ. 2015 წლიდან ოქსანა მუშაობს მის სადებიუტო ფილმზე "წყალქვეშ". "წყალქვეშ" წარმოადგენს პატრიარქატთან გამკლავების ყოველდღიური პრაქტიკის გრძელვადიან კვლევას. ის ასახავს ოთხი უკრაინელი არტისტის, ოქსანას ჩათვლით, ცხოვრებისა და მუშაობის სხვადასხვა ასპექტს. “წყალქვეშ” გამოტანილ იქნა დოკუმენტური კინოინდუსტრიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პლატფორმის www.dokvira.cam-ს ონლაინ გამოფენაზე. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, ოქსანამ დაიწყო პერფორმატიული გასეირნება/ლექციების სერია "უკრაინის თანამედროვე ისტორია" და ბიო-დღიურების წარმოება "მკვდარი პეიზაჟები, ანუ მე თვითონ უნდა გავხდე ყველა ადგილი, რომელიც მიყვარს". ეს პროექტები ოქსანას მთავარი ინტერესებისა და პრაქტიკის გაერთიანებაა და 2015 წლიდან მოყოლებული, ერთმანეთთან ურთიერთკავშირში, ჰორიზონტალურად იზრდებოდა და მის მონაწილეებს შორის სხვადასხვაგვარ თანამშრომლობად იქცეოდა: შემოქმედებითი კოლექტივი OKCAHAS (არტისტ AntiGonna-სთან ერთად), ინტერდისციპლინარული პროექტი "სხეულებრივი პრაქტიკა" (ანატოლიი ბიელოვთან ერთად), და მუსიკალური ჯგუფი "Serviz Propav" (ვასილ ტკაჩენკოსთან ერთად).

17:30

ამინდის პროგნოზი

კამილა იანარი (2022, 9', უკრაინა)

“ამინდის პროგნოზი” რეჟისორის მიერ ხელის კამერით გადაღებული და VHS ფირზე ჩაწერილი ვიდეოების ავტოეთნოგრაფიული დაკვირვება. ჩანაწერები თათრული საოჯახო სუფრიდან სიმღერებიდან 2014 წელს რუსული ჯარების მიერ განადგურებული ქალაქ შახტარსკის კადრებზე გადადის და სახლის ჩანაწერებს ერწყმის, რომლებშიც გოგონა ტელე-შოუებს ასახიარებს და ამინდის პროგნოზის გამოცხადებით, უკრაინის გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციას გვახსენებს 2003 წლიდან. ვიდეო დევნილობის მენტალურ ეკოსისტემას იკვლევს და ანალოგური ჩანაწერების ფესვებს, სოციალურ მედიაში დასახლებულ ვიდეოებსა და პირადი მეხსიერების რიტუალებს აქსოვს ერთმანეთში.

კამილა იანარი არტისტია, წარმოშობით შახტარსკიდან (დონეცკის ოლქი, უკრაინა), რომელიც 2014 წლიდან ოკუპირებულია. სრულმასშტაბიან შეჭრამდე იგი ხარკოვში ცხოვრობდა. ვიდეოგადაღების, ფოტოგრაფირების და გრაფიკის კამილასეული პრაქტიკა ინტიმური მეხსიერების და იძულებითი მიგრაციის საკითხებს ეხება. 2017-2020 წლებში კამილა ხელოვნებას ხარკოვში, Aza Nizi Maza-ს ხელოვნების ცენტრში ასწავლიდა. მისი ნამუშევრები, სხვა სივრცეებთან ერთად, წარმოდგენილი იყო Yermilov Centre-ში, Garage127-ში, Kooperativ-სა და მიწის ხელოვნების სიმპოზიუმზე Prostir Pokordonnia 2021.

18:00

ძიაპშიპად ყოფნის შესახებ

ანნა ძიაპშიპა (2018, 9', საქართველო)

დოკუმენტალისტ ანნა ძიაპშიპას ექსპერიმენტული ვიდეო ეროვნების და იდენტობის სირთულეზე ყვება. როგორია იცხოვრო განსხვავებული ჟღერადობის სხვა გვარით საქართველოში, რომელიც ყურადღების გარეშე არასოდეს რჩება. კონკრეტულად ამ გვარზე, ან დინამოს ცნობილი ფეხბურთელი ნიაზ ძიაპშიპა ახსენდებათ, ან დაკარგული აფხაზეთი. თუმცა მისი სწორად წარმოთქმა და დაწერა ყოველთვის გამოწვევაა.

ანნა ძიაპშიპა პროდიუსერი და რეჟისორია. მისი ფილმები იდენტობას, საზღვრებს, სახლის და სხეულის თემებს იკვლევს. ის დოკუმენტური კომპანია საქდოკ ფილმის ერთ-ერთი დამფუძნებელია. არის ფულბრაიტის 2022 წლის სტიპენდიანტი, კითხულობს ლექციებს დოკუმენტური კინოს პროდიუსერებაში. მისი პროდიუსერობით გამოსული მხატვრული და დოკუმენტური ფილმები კი არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალების მონაწილე და გამარჯვებულია. 

18:10

საუბარი ანნა ძიაპშიპასთან

კინოს გადაღება, როგორც იდენტობის ძიების საშუალება

19:00

გუმანით გრძნობა: ჭეშმარიტების ფრაგმენტები

კატაიუნ ჯალილიპური (2021, 12', ირანი)

“გუმანით გრძნობა: ჭეშმარიტების ფრაგმენტები” სვამს კითხვას, თუ როგორ შეუძლია ისტორიული ჭეშმარიტების ფრაგმენტებს პრე-ვესტერნიზებულ ირანში ქვიარობის გადასააზრებლად დახმარება. ფილმის ცენტრალური ფიგურა ტაჯ ალ-სალტანეა (1884-1936), ყაჯარების დინასტიის წევრი და ფემინისტი აქტივისტი, რომელიც, ინტერნეტის ეპოქაში, ხშირად ხდება მცდარი რეპრეზენტირების და დაუნდობელი მიმების საგანი. ჭეშმარიტების ფრაგმენტები გვთავაზობს ქვიარ და ინტერსექციურ ხედვას იმის შესახებ, რაც ტაჯის ცხოვრებისა და ყაჯართა ეპოქის შესახებაა დოკუმენტირებული.

19:15

ბეღურა თავისუფალია

ნიკი კოჰანდელი (2021, 14', ირანი)

ცარიელ სახლში, ახალგაზრდა ქალს ხმა მოესმის. ამბები, რომელსაც ხმა ყვება, ქალს ბებიის წარსულის სცენების აღდგენაში ეხმარება. ნიკი კოჰანდელის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ბებიასთან ინტერვიუბისგან შედგება, ოჯახური ნივთების საშუალებით, მე-20 საუკუნის დასაწყისის ირანში გენდერულ როლებს იკვლევს. პერსონალური ამბის თხრობა თვითგამორკვევის ფართო ნარატივში გადაიზრდება. ჯერ კიდევ ახალგაზრდა გოგონას, უფროს ბიძაშვილზე ქორწინებამ კონტროლის ქვეშ ცხოვრებისა და იმედგაცრუების მრავალი წელი მოუტანა. ქმრის წინააღმდეგ აჯანყებით, ქალი, საბოლოოდ, შვილებთან ერთად საფრანგეთში გადადის და ახალ ცხოვრებასა და დამოუკიდებლობას ძერწავს, ყოველდღიურობაში შვებას და მარტივ ბედნიერებას პოულობს. ბეღურა თავისუფალია.

19:30

დედას გარგრის კომპოტი

ნია ფეკრი (2020, 24', ირანი)

ორი ქალის ფრაგმენტირებული ნარატივი, რომელთა ცხოვრება ერთმანეთისგან შორს მიმდინარეობს, და მაინც, მსგავსების კვალი ატყვია. ფილმი ქალების მოჯადოვებული ცხოვრებიდან მოჩვენებებს გამოიხმობს - ემიგრანტული გამოცდილების შესახებ ფიქრებს ირანულ დიასპორაში, და მის მიღმა, და გზებს, რომლითაც თაობათა მეხსიერება ყოველდღიური ცხოვრების ზედაპირზე იბზარება.

19:55

წერილი დაუბადებელ ბავშვს

სეფიდე ფარსი (1988/2015, 4', ირანი)

"ეს ფილმი წარსულში ჩაღრმავებაა. ის აგებულია დაუმთავრებელი ფილმის "წითელი ფეხსაცმელის" კადრებით, რომელიც ჩემი პირველი დამოუკიდებლად წარმოებული მოკლემეტრაჟი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფინანსების ნაკლებობის გამო “დაუბადებელი” დარჩა. ის რაც ამ ფირის ჩანაწერებს კრავს არის დღევანდელი ფილმის სხეული, ლექსი, რომელიც მის გულს წარმოადგენს, და დასრულებული ოპუსი “წერილი დაუბადებელ შვილს”, რომელიც ჩემი ცხოვრების ოცდაათ წელს ასახავს.” - სეფიდე ფარსი