ფენიმისტური ფილმების ფესტივალი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა 2011 წელს დააარსა, როცა ქვიარ სათემო კინოჩვენებები საჯარო სივრცეში გადმოიტანა, 2013 წლიდან კი ფესტივალი უკვე სახელით “როზადან სიმონამდე” წარსდგა მაყურებლის წინაშე. ფესტივალს ბოლო წლებში თბილისის სხვადასხვა სივრცემ უმასპინძლა და საჯარო სივრცეების გაქრობისა და კინოთეატრალური სივრცეების მზარდი კომერციალიზების ფონზე, მომთაბარე ცხოვრებას განაგრძნობს.
ყოველწლიურად შერჩეული მთავარი თემის ირგვლივ, ფესტივალის პროგრამა ქალების მიერ და ქალების გამოცდილებების შესახებ გადაღებულ ფილმებს წარმოადგენს, რომლებიც ჩვენი ფემინისტური დაკვირვების განსაკუთრებული საგანია. კინოჩვენებებთან ერთად, ფესტივალის დღეები რეჟისორებთან შეხვედრას, ვორქშოფებსა და პარალელურ გამოფენებს მოიცავს და ფემინისტური თანამშრომლობის ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ქსელს სხვადასხვა მიმართულებით აფართოებს.
ფესტივალის 2024 წლის მთავარი თემა ქვიარ ჰორორია. ფესტივალი 8, 9 და 10 მარტს, მუტანტ რადიოში გაიმართება. ფესტივალის დასაწყისია 18:00 საათი.
წლევანდელ პროგრამას ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი წარმოგიდგენთ კამპანიის ფარგლებში “გადაკვეთის წერტილები - რატომ გვჭირდება ინტერსექციული ფემინიზმი?”