ფესტივალი ქვიარ მიგრაციის თემაზე რამდენიმე კინოსეანსით 7 მარტს გაგრძელდება. საღამო დასრულდება დისკუსიით “ქვიარ მიგრაცია და ორმაგად სხვად ყოფნა”

12:00

WILDNESS

ვუ ცანგი ( 2012, 74' | აშშ)

ლოს-ანჯელესისი ღამის ცხოვრების ტროპიკულ მიწისქვეშა სამყაროში ფესვგადგმული Wildness გვიხატავს Silver Platter-ის პორტრეტს - ისტორიული ბარის, რომელიც 1963 წლიდან ლათინოამერიკელი/ლგბტ იმიგრანტი თემების მნიშვნელოვანი საყდრისია. მაგიურ-რეალისტური ელფერით, ბარი თავად ხდება პერსონაჟი, რომელიც მოგვითხრობს, თუ რა ხდება, როდესაც ყოველკვირეული წვეულება სახელწოდებით Wildness შემოქმედებითობისა და კონფლიქტის აფეთქებას წარმოშობს. რას ნიშნავს “უსაფრთხო სივრცე”? ვის სჭირდება ის? და რით განსხვავდება მისი აღქმა ყოველივე ჩვენგანისთვის? Silver Platter-ში პასუხების ძიება თაობებს შორის კავშირებს ქმნის.

13:30

მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე

ელენე ნავერიანი (2017, 61' - შვეიცარია)

აპრილი ციხეს ტოვებს მას შემდეგ, რაც არალეგალური პროსტიტუციისთვის დააკავეს. თბილისის ერთ-ერთი ძვირადღირებული სასტუმროს სარდაფში, სადაც მუშაობს, ის ხვდება დიჯეს, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც მშობლიური ნიგერია დატოვა. დარწმუნებული, რომ აშშ-ში, ჯორჯიაში მიემგზავრებოდა, აღმოჩნდა ქვეყანაში, რომელიც მას მომავალს არ სთავაზობს. აპრილი იმალება და ცდილობს შეეგუოს დაკარგულ სიყვარულს, რომელზეც ამ საზოგადოებაში, ურჩევნია, არ ილაპარაკოს. ლტოლვასა და გადარჩენას შორის, დედაქალაქის მცხუნვარე მზის ქვეშ, საზოგადოებისგან გარიყულად მცხოვრებ ორ ადამიანს შორის არაჩვეულებრივი ურთიერთობა ვითარდება.

15:00

თავშესაფარი: ედემთან გამომშვიდობება

ენრიკო მასი (2019, 81' - იტალია, საფრანგეთი)

პეპსი ტრანსგენდერი ჯარისკაცია ფილიპინებიდან, რომელიც ახალი იდენტობის ძიებაში ევროპაში მიემგზავრება. ჰომოფობიური დევნის გამო, პეპსი ისლამურ გამათავისუფლებელ (Moro-ს) ფრონტს ტოვებს.

16:20

დაუდგრომლები

სტეფანი რიჩი ( 2025, 20' - ბრაზილია, პორტუგალია)

ლისაბონური ღამე რენეს ინტენსიურობით არის მოცული, პრეკარიულ შრომაში ჩაბმული ახალგაზრდა ბრაზილიელი, რომელმაც ღუზა ამ ქალაქში ჩაუშვა, პერსონალურ და ეგზისტენციურ კონფლიქტებშია ჩაძირული. ქვიარ წვეულებები, სიყვარული, უარყოფა, მარტოობის განცდა პროტაგონისტს სხეულში აქვს გამჯდარი. სტეფანი რიჩი ახერხებს ცოცხალი, ენერგიით სავსე, მორბენალი ადამიანის მოხელთებას, რომელმაც არ იცის სად, როგორ და როდის.

17:00

Mea Culpa

პატრიკ ტასი (2025, 72' - ბელგია)

ამ პოეტურ ვიზუალურ წერილში პატრიკ ტასი დედასთან ურთიერთობას იკვლევს და აკვირდება თუ როგორ იცვლება მათი დინამიკა მას შემდეგ რაც პროტაგონისტი დედას საკუთარ ნამდვილ იდენტობასა და სექსუალობას უზიარებს.

19:00

დისკუსია “ქვიარ მიგრაცია და ორმაგად სხვად ყოფნა”

ქვიარ მიგრაცია შეუძლებელია განვიხილოთ, როგორც მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ის ყალიბდება სისტემური ჰომოფობიის, პოლიტიკური გაუცხოების, ეკონომიკური პრეკარიულობისა თუ მიკუთვნებულობის ჩარჩოებით.

ბევრი ქვიარ ადამიანისთვის მიგრაცია იწყება ქვეყნის შიგნით - ქალაქებიდან და სოფლებიდან მიგრაცია ხშირად გადარჩენის პირველადი სტრატეგიაა. ის კონტროლის, საზოგადოების მზერის და სოციალური ძალადობისგან თავის დაღწევის მცდელობაა. თუმცა შიდა მიგრაცია ხშირად ვერ ასრულებს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მოპოვების პირობას. ის ჩაგვრის ახალ ფორმებს წარმოშობს: ეკონომიკურ სიდუხჭირეს, შრომით ექსპლუატაციას და იზოლაციას.

მაშინ, როცა გენდერისა და სექსუალობის საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია ამძაფრებს უძლურებისა და გამოკეტილობის განცდას, დევნის შიშს, შიდა მიგრაცია მხოლოდ გარდამავალი ეტაპი აღმოჩნდება ქვეყნის დატოვებამდე. დევნის შიშით თუ გაქრობის დაპირებით გამოწვეული მიგრაცია კი სურვილით ნაკლებადაა ნაკარნახევი, არამედ აუცილებლობით და გადაუდებლობით.

საზღვრის გადაკვეთა დაუცველობას არ აქრობს - ის დაუცველობას გარდაქმნის. მიმღებ ქვეყნებში ქვიარ მიგრანტები აწყდებიან თავშესაფრის ძიების და ინტეგრაციის რთულ ბიუროკრატიულ პროცესს, ასევე პროდუქტიულობისა და თვითრეალიზაციის მოლოდინებს. შვებისა და თავისუფლების განცდის პირობა თანაარსებობს ტრავმასთან, ჰიპერვიგილანტობასთან, ინსტიტუციურ დამოკიდებულებასთან და საკუთარი ღირებულების მუდმივი დამტკიცების მოთხოვნასთან.

საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როდესაც ქვიარ მიგრაცია ხდება რეგიონის ფარგლებში: სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მიგრაცია ამ დინამიკას დამატებით განზომილებას სძენს. ის სვამს კითხვებს, თუ როგორ განსაზღვრავს ეროვნული იდენტობა მიკუთვნებულობას და გვაფიქრებს, თუ ვისი ინტერესების სამსახურში დგას მკაცრი ნაციონალისტური ჩარჩოები. რეგიონში, რომელიც ერთდროულად მოქცეულია რუსეთისა და დასავლურ გეოპოლიტიკურ მზერებს შორის, ნაციონალური საზღვრების მიღმა სოლიდარობის წარმოდგენა რთულია, მაგრამ აუცილებელიც.

რას ნიშნავს სამხრეთ კავკასიის წარმოდგენა არა დაყოფილ სივრცედ, არამედ ურთიერთდამოკიდებულებით გამორჩეულ რეგიონად? შეიძლება თუ არა კლასობრივმა ცნობიერებამ და მარგინალიზაციის გაზიარებულმა გამოცდილებამ მიკუთვნებულობის ალტერნატიული საფუძველი შექმნას?

პანელი ქვიარ მიგრაციაზე საუბრის შესაძლებლობაა. იგი გავფიქრებს, თუ როგორ წარმოშობს სისტემური უსამართლობა მიგრაციას, როგორ გარდაქმნის გადაადგილება სუბიექტურობასა და საზოგადოებრივ კავშირებს და რა ახალი პოლიტიკური თუ ურთიერთობითი ლანდშაფტი შეიძლება დაიბადოს ამ მოძრაობის შედეგად.

დისკუსიის მომხსენებლები: ჰერმინე ვიბრამიანი, სოფო ბასილაძე, ნატალია მჭედლიშვილი
მოდერატორი: მარიამ ჭანჭალეიშვილი